Homeეკონომიკარა იცვლება სესხის სხვა ბანკში გადატანის პირობებში

რა იცვლება სესხის სხვა ბანკში გადატანის პირობებში

სესხის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საკომისიო მცირდება. ამის შესახებ ცვლილებები „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შედის
loan

სესხის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საკომისიო მცირდება.

ამის შესახებ ცვლილებები „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შედის და ის 1 მაისიდან ამოქმედდება.

რა ხდება? 

იმ შემთხვევაში, თუ ბანკისაგან აღებულ სესხს მომხმარებელი ვადაზე ადრე ფარავს, ბანკი მას პირგასამტეხლოს ანუ გარკვეულ საკომისიოს აკისრებს კრედიტის წინმსწრებად დაფარვისთვის. ამ საკომისიოს ოდენობა მერყეობს და დამოკიდებულია ბანკზე, ასევე მომხმარებლის მოლაპარაკებაზე ბანკის წარმომადგენელთან. ხშირია პრაქტიკა, როდესაც ყოველთვიური შენატანის ათმაგი ოდენობის წინსმწრებად დაფარვის შემთხვევაში ბანკი პირგასამტეხლოს საერთოდ არ აკისრებს, თუმცა, თუ კრედიტს სრულად ფარავს მომხმარებელი, მას გარკვეული თანხის გადახდა უწევს.

ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მომხმარებელს მეორე ბანკი უკეთეს პირობებს სთავაზობს და ის ძველ ბანკში არსებულ სესხს ახალში აღებული კრედიტით ფარავს.

ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით, თუ ფიზიკური პირი (ან იურიდიული პირი, თუ მისი სესხის ოდენობა 2 მლნ-ს არ აღემატება) ერთ ბანკში სესხის გადასაფარად საჭირო თანხას მეორე ბანკიდან მოიტანს, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-მდე უნდა შემცირდეს ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

„მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

რაც შეეხება სიტუაციას, როდესაც მომხმარებელი სესხს წინსწრებით ფარავს, მაგრამ ამას საკუთარი ფულით აკეთებს მეორე ბანკის მონაწილეობის გარეშე, ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ზედა ჭერი კვლავ 2% რჩება.

ამ თემაზე გირჩევთ სტატიებს

https://netgazeti.ge/news/674242/embed/#?secret=9QtP6IbQQr#?secret=h9R533fz7b
https://netgazeti.ge/life/712777/embed/#?secret=8kdDYWReGN#?secret=7tT3aS2FGp

No Comments

Latest Posts

Latest

More
More