ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს განცხადებით, ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნითაა დაბარებული.
ახალაია გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. მისი თქმით, აზრს ვერც ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე მისვლაში ხედავს და ვერც იმაში, პროკურატურაში გამოიკითხება თუ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რადგან ქვეყანაში არაფერი არ არსებობს და ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.
ახალაიამ უარყო გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, სადაც, თითქოს ის და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციის შესახებ საუბრობენ. აღნიშნული ჩანაწერი 4 ოქტომბერს, გვიან ღამით გავრცელდა.
ახალაიას თქმით, ძალიან რცხვენია, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არაფერში იყო ჩართული.
„ახლა გავიგე გზაში, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს. არც უთქვამთ, რაზე დამიბარეს, მითხრეს, 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებითო. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი.
მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის [ბურჭულაძისთვის] პაატათი მიმართვა და ამ სტილით. ჩემი უფროსი მეგობარია, მამაჩემის ტოლა კაცია და ყოველთვის მოკრძალებით [მივმართავდი], საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს.
ძალიან მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა [ციხეში] ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღად თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, მანდ რისი არის ორგანიზება. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ? ბატონი პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას მოსაზრებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება თუ მიტინგზე ხალხის მოსვლას შეატყო იქ ვინმემ ორგანიზება ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს?
ჩემი აზრით, უბრალოდ, აქ საუბარია ერთ მარტივ რამეზე – რეჟიმს არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიცაა ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები. რომელთაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი ან ორგანიზება იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ამასთან, ბაჩო ახალაია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ამიტომ დასამალიც არაფერი ჰქონია.
ახალაიას თქმით, 4 ოქტომბერთან მის სახელს იმიტომ აკავშირებენ, რომ მისი სახით „ქართულ ოცნებას“ ბუა სჭირდება.
„მე მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენი ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი მე ვარ. ბატონ პაატას ძალიან კარგად ვიცნობ, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია, მურთაზი ჩვენი მეზობელია… მე მგონია, რომ ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს. ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ ადამიანებმა რაც დაინახეს, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს, 5, 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოსი…
„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი – ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირია დაკავებულია. მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. სწორედ ეს 5 ადამიანი შედიოდა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტში. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments