Last updated: October 22nd, 2025 at 12:13 am
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ სრულად მოხსნა ყველა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვებზე. როგორც ალიევმა თქვა, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა.
„აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებზე, რომლებიც მოქმედებდა ოკუპაციის პერიოდის განმავლობაში. პირველი ასეთი სატრანზიტო ტვირთი გახდა ყაზახური მარცვლეული, რომელიც სომხეთში გაიგზავნა. ვფიქრობ, ეს ასევე კარგი ნიშანია იმისა, რომ მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაშიც ხორციელდება“, – განაცხადა ალიევმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი მთავრობათაშორისი საბჭოს მეორე სხდომაზე.
სომხეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა მღერ გრიგორიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეგიონალური კომუნიკაციების გახსნისა და ურთიერთნდობის გაძლიერების მნიშვნელოვანი ეტაპია.
„რა თქმა უნდა, მივესალმები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სომხეთის მიმართულებით ტვირთბრუნვაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული კომუნიკაციების გახსნისა და მშვიდობის დღის წესრიგის წინსვლისთვის. მაღალ შეფასებას ვაძლევ აზერბაიჯანელი და ყაზახი კოლეგების ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – განაცხადა გრიგორიანმა „არმენპრესთან“ ინტერვიუში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც სომხეთის მთავრობის სახელით მიესალმა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments