Homeსიახლეებისომხეთში გიუმრის მერი და კიდევ შვიდი პირი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სომხეთში გიუმრის მერი და კიდევ შვიდი პირი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გიუმრიში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა მერი ვარდან გუკასიანი და ქალაქის მერიის შვიდი თანამშრომელი. ჩხრეკები მერიის შენობაში დასრულდა
ADESsP8x41mpBKOMU3YSazStYVAPWN8sP24voYXU-e1761031351654

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გიუმრიში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა მერი ვარდან გუკასიანი და ქალაქის მერიის შვიდი თანამშრომელი. ჩხრეკები მერიის შენობაში დასრულდა საპროტესტო აქციებისა და მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე.

Table of Contents

    გიუმრიში, სომხეთის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში დააკავეს მერი ვარდან გუკასიანი და კიდევ შვიდი პირი. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ისინი ეჭვმიტანილნი არიან დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში.

    „მიღებულია ფაქტობრივი მონაცემები, რომ გიუმრის ხელმძღვანელი და მთავარი არქიტექტორი წინასწარი შეთანხმებით მოითხოვდნენ და იღებდნენ ქრთამებს მოქალაქეებისგან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, ჩხრეკების დროს მერიასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სამართალდამცველებმა შენობის შესასვლელები და გასასვლელები გადაკეტეს, რის გამოც მერიის მუშაობის პარალიზება მოხდა. პოლიციასა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის მოხდა დაპირისპირება, ხოლო თავად მერიის შიგნით იყო ხელჩართული შეტაკება სამართალდამცველებსა და თანამშრომლებს შორის.

    მოქალაქეები, რომლებიც მერიის წინ შეიკრიბნენ, შეძახილებით „სირცხვილი!“ აპროტესტებდნენ მერიის თანამშრომელთა დაკავებას.

    ვარდან გუკასიანი დაკავებამდე მერიის კაბინეტში იმყოფებოდა.

    გიუმრის ვიცე-მერმა გაგიკ მანუკიანმა საჯარო მიმართვაში ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, დაცვის მიზნით მისულიყვნენ მერიის წინ. მისი თქმით, „30-40 სამართალდამცველმა გუკასიანი ალყაში მოაქცია, ხოლო შენობაში 100-ზე მეტი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რამაც ქალებში და თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია“.

    ანტიკორუფციული კომიტეტის ვერსიით, გიუმრის მერი და მთავარი არქიტექტორი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩა გარეგინ ნჟდესზე თვითნებურად ააშენა შენობა, დაჰპირდნენ, რომ  არ დაანგრევდნენ და გააფორმებდნენ ყალბ დოკუმენტს მისი „დანგრევისა და ხელახლა აშენების“ შესახებ. სანაცვლოდ მათ დიდი ოდენობით ქრთამი მოითხოვეს.

    გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, გუკასიანმა სცადა საკუთარი ახლობლის სახელზე გაეფორმებინა მიწის ნაკვეთი,  რომელსაც ფაქტობრივად თვითონ იყენებდა, და კანონიერად დაემკვიდრებინა მის მფლობელობაში მყოფი თვითნებურად აშენებული შენობა. მთავარი არქიტექტორი ასევე ეჭვმიტანილია სხვა მოქალაქეებისგან ქრთამის აღების მინიმუმ ექვს ეპიზოდში.

    გიუმრის მერმა ვარდან გუკასიანმა თანამდებობა 2025 წლის აპრილში, რიგგარეშე არჩევნების შემდეგ დაიკავა, მმართველ პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ მერის პოსტის დასაკავებლად საჭირო ხმები არ ჰყოფნიდა. მანამდე, სექტემბერში, მისი ვაჟი სპარტაკ გუკასიანი სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, რასაც მერმა პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More