Last updated: October 22nd, 2025 at 10:17 am
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
სუსი ამბობს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მისი ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
„მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დღეს ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება იმსჯელებს როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე“, — განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში მიმდინარე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილ უფროს გიორგი ლილუაშვილის, ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
სუს-ის თანახმად, შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა.
დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე. პროკურატურის განცხადებით, კობა ხუნდაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა რაოდენობის ფულადის თანხა, მთლიანობაში, 1 319 300 ამერიკული დოლარი.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments