წელს მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი პირველი იყო, ვინც სცენიდან მაყურებელს მიმართა და „რუსული კანონი” გააპროტესტა, თუმცა მისი მხრიდან „რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი სცენაზე წელს არ დაწყებულა, სწორედ ამით დაიწყო ჩვენი საუბარი:
შარშანაც იმავე მიზეზით გვქონდა პროტესტი. სპექტაკლზე „ბუნკერი“ გამოვიტანეთ ტრანსპარანტები წარწერით – „ბრძოლა ახლა იწყება“. შეიძლება ადამიანი შეგპირდა, რაღაცას არ ვიზამო, მაგრამ ხომ ხვდები, კურსი საით უჭირავს. ამ 12 წლის მანძილზე 1 მიზეზი აღარ დატოვეს იმისა, რომ დაუჯერო. მართლა რომ რაღაც გვემუქრებოდეს და ერთხელ ცხოვრებაში სიმართლე თქვან, იმასაც აღარ დაუჯერებს ალბათ თავმოყვარე ადამიანი, თორემ უთავმოყვარეოების მეტი რა არის, ძირითადად მაგ ბანაკში არიან ეგეთები.
რეალურად, თავიანთი შთამომავლობა გაწირეს იმისთვის, რომ ისტორიის წიგნებში თავიანთ მამებზე და ბაბუებზე ამოიკითხონ ყველაზე დიდი სირცხვილი რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. ადრე იქნება ეს თუ გვიან, ეს ხომ მოხდება.
მთელი ბავშვობა მასწავლიდნენ, რა კარგ და თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, თან ამას გვასწავლიდნენ ადამიანებს, რომლებიც ბორჯომის ბოთლებივით ერთნაირები ვიყავით, სკოლაში დავდიოდით ფორმებით. პირველი პროტესტი რაც მქონდა, იყო ფორმების წინააღმდეგ.
ამ პერიოდში ვიდეო გაჩნდა, ფილმებს ვუყურებდით, ნამდვილ თავისუფალ სამყაროს, სადაც ამერიკელი, როცა ვინმეს ეკამათებოდა, ამბობდა – თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობო. იქ უფრო ჩანდა თავისუფალი ქვეყანა, ვიდრე ჩვენთან. იმათ თავიანთი მანკიერება აქვთ, მესმის, მაგრამ სასაცილოა ის მანკიერება იმ მანკიერებასთან და ლაფთან შედარებით, სადაც ვცხოვრობდით.
სადაც გვასწავლიდნენ, რომ კომუნისტები არიან გამათავისუფლებლები, გვასწავლიდნენ, როგორ უპატაკა დეპეშით ამხანაგმა სერგო ორჯონიკიძემ ლენინს – თბილისის თავზე თავისუფლების წითელი ალამი ფრიალებსო. რაღაც პერიოდი ხალხისთვის ისინი გამათავისუფლებლები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ხომ ყველას დაასვა ისტორიამ თავისი წერტილი და ყველა სანაგვეზე მოისროლა. ადამიანების გვარები გახდა საზოგადო სახელები. ახლა იგივეს სჩადიან და თან მერაბ კოსტავა და ილია ჭავჭავაძე მოჰყავთ მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ ერის გახრწნა იწყება მაშინ, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებსო.
არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი ისტორიაა ეს, რაც ახლა მოვყევი. რეალურად, ეს ხომ დაივიწყეს, ან თვალს ხუჭავენ ამ ყველაფერზე, რის გამო? რა უღირთ ამად, არ ვიცი…
პროტესტი სცენიდან
ამ კანონის შემოტრიალება ჩემთვის უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო. კატასტროფაა ის, რაც ახლა ხდება და სადაც ახლა ვართ. ეს არის 35- წლიანი ბრძოლის პერიოდის წყალში გადაყრა, კი ბატონო, თავისი სიბინძურეებითა და მანკიერებებით აღსავსე, მაგრამ მაინც ბრძოლის, იმ ბრძოლის წყალში გადაყრა, რომელიც მიდის ცივილიზებული სამყაროსკენ.
თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ ამის უთქმელობა იქნებოდა დანაშაული. თუნდაც ჩანთები დაეშინათ ან რაც თან ექნებოდათ, მაგრამ ამის უთქმელობა იქნებოდა დანაშაული.
შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდანვე დაგეგმვა, მაგრამ იმდენად შოკირებული ვიყავი მეც და ალბათ ყველა, რომ ამაზე არც გვიფიქრია. პირადად იმაზეც არ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი „ვირუსული” გახდებოდა (ძველი ყაიდის კაცი ვარ მაინც). ჩემთვის მთავარი იყო, 400 ადამიანისთვის მიმემართა დარბაზში, უფრო ინტიმური წარმომედგინა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
ამ ყველაფერმა რომ ჩაიარა, თითქოს ერთსულოვნები აღმოვჩნდით ყველა და გულზეც მომეშვა, მერე დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. დაიწყეს რეკვა, რაც კი შალვა რამიშვილის მსგავსი ჟურნალისტები და ტელევიზიები არსებობდნენ. ყველას ჰქონდა ერთი კითხვა – წაკითხული თუ მქონდა ეს კანონი. ყველას ფეხებზე ეკიდა ჩემი პასუხი, როცა ვეუბნებოდი – ნახეთ, რა ხდება რუსეთში იგივე კანონის გამო და ყურადღება მიაქციეთ ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს-მეთქი. ეს არ აინტერესებდათ, პირდაპირ მთხოვდნენ მეთქვა, რომელი პუნქტი არ მომწონდა ამ კანონში. ისევ და ისევ დემაგოგია, რომელიც დღემდე გრძლედება და იმდენად უსინდისოა, რომ შეუძლებელია ადამიანი ვერ ხვდებოდეს, როგორ აბრიყვებენ. იმას ხომ ხვდება, რომ ამდენი წლის მანძილზე სულ აბრიყვებენ, მაგრამ ამ გაბითურების მცდელობას ბოლო არ უჩანს და უფრო და უფრო ამაზრზენი ხდება ყოველი მათი ნაბიჯი, რომელსაც დგამენ.
ასევე ახალი კანონი, რომელიც ამ დღეებში ვითომ ოჯახის სიწმინდის საბაბით შემოიტანეს და ცენზურას ეხება… იგივე ხდება რუსეთში. მინახავს რუსული არხები, იუმორისტული გადაცემებიც, სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა პოლიტკორექტულობა აქვთ: შავკანიანი ზანგია, გეი – პიდარასტი… სულ სხვა გარემოში ცხოვრობენ.
საბჭოთა კავშირზე უარეს შთაბეჭდილებას ტოვებს დღევანდელი რუსეთი. საბჭოთა კავშირიც კი მეტად პოლიტკორექტული იყო, ვიდრე დღევანდელი რუსული სამყარო, რომლის ნაწილიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, უკვე ვართ, ვეღარ ვიტყვით, რომ არ ვართ, იმიტომ, რომ უკვე ვართ რუსული სამყაროს ნაწილი. ეს უფრო მეტ ძალას უნდა გვაძლევდეს იმისთვის, რომ შურისძიება იყოს რაც შეიძლება მკაცრი ამ ხალხის მიმართ.
თუ სამართალი არსებობს, ესენი უნდა დარჩნენ ნულზე თავიანთი გველეშაპის თამადობით და მეთაურობით, რომელმაც მსოფლიოს წაართვა ფასდაუდებელი საუნჯე საყდრისის სახით და ნებისმიერი ქველმოქმედება, რასაც ისინი დღემდე გვაყვედრიან, არ ღირს იმად, რაც წაგვართვა.
როგორია დღეს სცენაზე დგომა?
პირადად მე ცოტა მოქანცული ვარ და ისე ვეღარ „ვკაიფობ“ სცენაზე დგომით, როგორც მანამდე. სურვილი აღარ მაქვს სპექტაკლის თამაშის იმიტომ, რომ სხვა რაღაცითაა ტვინი დაკავებული. იმით, რითიც არ უნდა იყოს. წესით, საერთოდ არ უნდა ვალაპარაკობდე ასეთ რაღაცებზე, სხვა რამე უნდა იყოს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი… ამ ინტერვიუსაც არ უნდა გაძლევდე. არ ვთანხმდებოდი ხოლმე ინტერვიუებს, რადგან მიმაჩნდა, რომ მსახიობი, კარგი გაგებით, უნდა ატყუებდეს მაყურებელს და მაყურებელი არ უნდა იცნობდეს მსახიობს ახლოს, ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ასე გამიხადეს საქმე, ყველაფერი წყალში ჩამიაყრეს, ვზივარ და ვლაპარაკობ პოლიტიკაზე მაშინ, როცა არასდროს ამას არ ვიზამდი.
სანამ ეს ყველაფერი არ გასწორდება და არ დალაგდება, ჩემთვის პირადად წვალებაა სცენაზე გასვლა. ტვინი რაღაცით გქონდეს დაკავებული და ამ დროს სხვა რამეს აკეთებდე, წვალებაა.
„ყველა ვემსახურებით ერთ საქმეს, რომ როგორმე დავიბრუნოთ ქვეყანა.”
დღეს უკვე აღარ აქვს პროფესიას მნიშვნელობა, ყველა ვემსახურებით ერთ საქმეს, რომ როგორმე დავიბრუნოთ ქვეყანა. როგორმე დავიბრუნოთ ის სიკეთეები, რაც წაგვართვეს საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული.
საერთოდ, ხელოვნება როგორც ასეთი, არის ცოტა დისიდენტური მოძრაობა. თუ რაღაც არ გტკივა, მაშინ ხელოვანიც არ ხარ…
როგორ არა… არიან… მიმოიხედეთ, თუ არ არიან და ძალიანაც ჯანმრთელები არიან, ღმერთმა კარგად ამყოფოთ, მაგრამ მაშინ რა უნდათ ხელოვნებაში?! ხელოვანები ჰქვიათ და 12 წლის წინ თუ რაღაცას აპროტესტებდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს პროტესტი არ ყოფილა, ეს იყო რევანში! და დღეს, როცა მთელი საქართველო იჩაგრება, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული უნამუსოებს და ჩვეულებრივად აგრძელებენ „მოღვაწეობას“ „იმედებსა“ და ასეთ უნამუსო ტელევიზიებსა და ორგანიზაციებში.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments