Homeსიახლეებიკაცს, რომელსაც პოლიციელის დაჭრას ედავებიან, პატიმრობა შეუფარდეს

კაცს, რომელსაც პოლიციელის დაჭრას ედავებიან, პატიმრობა შეუფარდეს

34 წლის მალხაზ გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის
Untitled-design-3-1

34 წლის მალხაზ გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

Table of Contents

    პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

    “5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს, პატრულ -ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო”, – განაცხადა პროკურორმა გოგალაძემ.

    პროკურორი მიუთითებდა, რომ არსებობს როგორც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, ისე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. გარდა ამისა, მან თქვა, რომ დანაშაულის, შესაბამისად, მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბრალდებული დაემალოს მართლმსაჯულებას.

    გიგუაშვილის ინტერესებს სხდომაზე საზოგადოებრივი ადვოკატი, დალი თუშიშვილი წარადგენდა. ის არ დაეთანხმა პროკურორის არგუმენტებს და მოითხოვა ბრალდებულის გათავისუფლება აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

    თუმცა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მალხაზ გიგუაშვილი პატიმრობაში დატოვა და მომდევნო სხდომის თარიღად 27 ნოემბერი, 12:00 საათი განსაზღვრა.

    სხდომის დასაწყისში ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა. გიგუაშვილმა თქვა, რომ მას აქამდე ჰქონდა კერძო ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ამიტომ პირველ სხდომაზე თავად წარადგენს თავს, მომდევნო სხდომიდან კი იზრუნებს ჰყავდეს მისთვის სასურველი ადვოკატი.

    “მოსამართლეს არაფერს არ ვერჩი, პროკურორიც იყოს, ვინც არის […] ეს ქალბატონი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მე არ ამირჩევია, მე ვაპირებ, ჩემი თავი მე წარვადგინო, ჩემი სიმართლის თუ ტყუილის დასამტკიცებლად მე ვიხელმძღვანელებ”, – უთხრა გიგუაშვილმა მოსამართლე ეპიტაშვილს.

    თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან მიუთითა, რომ არსებობს ორი საფუძველი, რის გამოც ბრალდებულს დამცველის გარეშე ვერ დატოვებს: პირველი, წარდგენილი ბრალის შინაარსიდან გამომდინარე, მეორე კი – დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ.

    “ცემა-ცემით ხომ მიმიყვანეს მანქანამდე, მერე წიხლები მირტყეს, გავიხადო, გაჩვენო? […] დაჟეჟილობა, ნარტყამი მუშტები, დაწიწკნული […] საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ”, – თქვა გიგუაშვილმა და მოსამართლეს მიუთითა, რომ 4-5 პოლიციელი ერთმანეთს ენაცვლებოდა მისი ცემისას.

    გიგუაშვილის თქმით, განყოფილებაში გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან პერიოდულად მიდიოდნენ პოლიციელები და ხელს წამოარტყამდნენ, აგინებდნენ და ა.შ. – “9 პარტია მოვიდა”.

    პროკურორმა გიორგი გოგალაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მისთვის ცნობილია იმ ფიზიკური დაზიანებების შესახებ, რაც ბრალდებულს აქვს. თუმცა განაცხადა, რომ ეს დაზიანებები მან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათგან პროპორციული ძალის გამოყენებისას მიიღო.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More