პროფესორი მარინე ჩიტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში მიწვევას სთხოვს მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამავე არხის ეთერში მისი ციტატის არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელა და დისკრედიტაცია სცადა.
საუბარია 7 ოქტომბრის გადაცემაზე “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” – პაპუაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორ, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს “რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი” უწოდა და დაადანაშაულა, თითქოს მას 4 ოქტომბრის აქციის მიზნად მიაჩნდა “სისხლი”, “გასროლა” და “მსხვერპლი”.
“ახლახან გახლდათ ინტერვიუ ქალბატონი მარინე ჩიტაშვილის, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციამ ვერ შეასრულა თავისი მიზანი და ჩამოთვალა, რომ ყოფილიყო სისხლი, რომ ყოფილიყო გასროლა, რომ ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ ამ აქციას ექნებოდა თავისი შედეგი. ეს თქვა მან და ეს იყო ზუსტად, რასაც ისინი ელოდნენ – სისხლს, მსხვერპლს და გასროლას. აი, ამას გადაურჩა 4 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება. გადაურჩა 90-იან წლებში დაბრუნებას, სისხლის და სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში”, – განაცხადა პაპუაშვილმა მაუწყებლის ეთერში.
გადაცემის წამყვანი, მაკა ცინცაძეს არ გამოხმაურებია პაპუაშვილის არასწორ ინტერპრეტაციას და არ დაუზუსტებია მისი ნათქვამი.
ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პაპუაშვილმა მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯა და სინამდვილეში, მსგავს შედეგს 4 ოქტომბრის აქციისგან სწორედ “ქართული ოცნება” ელოდა. ჩიტაშვილი წერს, რომ ევროინტეგრაცია სწორედ იმიტომ უნდა, რომ მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში სასამართლოში იჩივლოს და მოიგოს “სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”.
“წარმოდგენა არ მქონდა, თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ. არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან. ოღონდ, ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის. პირველი არხი, ვითხოვ ეთერს”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
“ნეტგაზეთი” მარინა ჩიტაშვილს დაუკავშირდა მისი პოზიციის დასაზუსტებლად და დამატებითი შეფასებების მოსასმენად, თუმცა მან გვითხრა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რაც უკვე თქვა.
რა თქვა მარინა ჩიტაშვილმა?
შალვა პაპუაშვილი საუბრობდა მარინა ჩიტაშვილის ინტერვიუზე, რომელიც იმავე დღეს, 7 ოქტომბერს “ფორმულას” ეთერში გავიდა. ამ გადაცემაში ჩიტაშვილი, როგორც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აანალიზებდა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამს “ნული თანაგრძნობის” შესახებ.
6 ოქტომბერს პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-ის” ეთერში კობახიძემ უწყვეტი პროევროპული აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ადამიანების მიმართ აქვთ “ნული თანაგრძნობა”. გარდა ამისა, ათობით ათასიანი აქცია კობახიძემ 100-150 “უცხოელი აგენტის” პროტესტად მოიხსენია.
ჩიტაშვილი სწორედ კობახიძის ამ ფრაზას განიხილავდა პროფესიულ ჭრილში. დასაწყისისთვის, მან მოიხმო გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსის და პოლიტიკის თეორეტიკოსის, ჰანა არენდტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ემპათიის დაკარგვა პირველი ნაბიჯია ადამიანურობის დაკარგვისკენ. შემდეგ კი შეაფასა კობახიძის, როგორც “მმართველის”, დამოკიდებულება საზოგადოებისადმი.
“ადამიანი, რომელი ამბობს “ნულოვანი თანაგრძნობა”, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ [აქციაზე გამოდის] 100-200 კაცი, თქვენ კადრში [ფორმულაზე] აჩვენებთ ახლა, რამდენი ადამიანიც გამოდის, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ორი ადამიანი დგას, ეს ორი ადამიანი არ იმსახურებს თანაგრძნობას, მიმღებლობას და აღიარებას? თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ მათი პოზიცია არასწორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ მიმართ იქნებით სტერილური და ნეიტრალური.
[…] როდესაც მმართველს ჰგონია, რომ ის არის მხოლოდ გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელი და ყველა სხვა მოქალაქე, რომელიც არ ეკუთვნის ამ ჯგუფს, ის საერთოდ არ იმსახურებს თანაგრძნობას, ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ მას არასწორი წარმოდგენა აქვს, ვინ არის მმართველი. მმართველი არის ის ადამიანი, რომელიც მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს უდგება ერთი და იმავე საზომით და ეს საზომი არის მართლმსაჯულება, ანუ კანონის უზენაესობა […] ის ამბობს, რომ მას უნდა გადაარჩიოს ადამიანები თავისი პრიორიტეტების მიხედვით. აი, ეს არის ყველზე უფრო არასასიამოვნოდ მოსასმენი. მმართველი ასეთ განცხადებებს, წესით და რიგით, არ უნდა აკეთებდეს”, – განაცხადა ჩიტაშვილმა.
მან თქვა, რომ ამ ფრაზით კობახიძემ გაახმიანა მთელი პარტიის პოზიცია და ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ გაუსწორდეს ყველას, ვინც მის პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. იმიტომ, რომ რუსთაველის პროტესტი არ ეთანხმება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კურსს. ეს არის მთავარი […] ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვის თავისუფლების დრო მთავრდება ჩვენს ქვეყანაში”.
4 ოქტომბრის აქციას ინტერვიუს დასასრულს შეეხნენ. წამყვანმა, ვახო სანაიამ მას ჰკითხა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეს, რაიმე ახალი ეტაპი ხომ არ დაწყებულა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში 4 ოქტომბრის შემდეგ. კითხვის საპასუხოდ მარინა ჩიტიშვილმა ისაუბრა არა პირად სურვილებსა და მოლოდინებზე, როგორც ამას ირწმუნებოდა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არამედ იმაზე, რა შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო 4 ოქტომბერი “გადამწყვეტი” მნიშვნელობის დღე.
“მე მგონია, რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულია. 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად – ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს 4 ოქტომბერ იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ – ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ – არარაციონალურად დაგეგმილი. მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევებში არ მიგვიღია მონაწილეობა იმიტომ, რომ რეალური არჩევანი არ გვქონია და ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულად იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან – ქვეყანა ჩადგეს ისევ კონსტიტუციის ფარგლებში. ანუ, დავდგეთ ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდეს ანგარიშვალდებულება, გვქონდეს თანასწორობა ქვეყანაში, გვქონდეს თავისუფალი არჩევნები და იყოს რეალურად ხელმისაწვდომობა ყველაფერზე ყველა ადამიანისათვის”, – განაცხადა მარინა ჩიტიშვილმა.
მარინა ჩიტაშვილს არაერთმა კოლეგამ გამოუცხადა სოლიდარობა. ფსიქოლოგი და იურისტი, ანა არგანაშვილი წერს, რომ ფსიქოანალიზის კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაკითხვა და გააზრება მიუღებელია.
“ათასობით და ათიათასობით მარინეს სტუდენტმა და კოლეგამ ხომ იცის, ფსიქოანალიზის და ფსიქოდინამიკის ტექსტს თუ კონტექსტიდან ამოცლილად წაიკითხავ, შეიძლება მსოფლიო აპოკალიფსი გეგონოს .არადა, უბრალოდ პროფესიული ტექსტია. ეს პროფესიონალები სხვა ენაზე მეტყველებენ და არ შეიძლება ამოგლეჯილად წაკითხვა. (ცნობიერი, არაცნობიერი, ქვეცნობიერი, თვითცნობიერება, ესა, ისა.) მაგრამ არიან ჩუმად. ასე შედის აკადემიურ სივრცეში კონტროლი და ავიწროებს აკადემიურ თავისუფლებას. აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობაც ხელახალი გასააზრებელი გვქონია. ვინ იფიქრებდა. სხვა რამე იგულისხმა, სხვა პერსპექტივით გააანალიზა, მთლიანი ინტერვიუდან ამ წინადადების ამოგლეჯა აზრს ცვლის”, – წერს ანა არგანაშვილი.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments