Homeსიახლეებირა ვიცით გლდანის ციხის ყოფილ უფროსზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

რა ვიცით გლდანის ციხის ყოფილ უფროსზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 ოქტომბერს გაავრცელა. საქმეზე გამოძიება დაიწყო
Untitled-design-11-1

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 ოქტომბერს გაავრცელა. საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Table of Contents

    IPN-ის ინფორმაციით, ის საკუთარ ავტოფარეხში იპოვეს და ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

    დავით გოგიბერიშვილმა მე-8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხე) დირექტორის პოსტი ორი თვის წინ, 2025 წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი საკანში სცემეს.

    როგორც ბაჩიაშვილი ჰყვება, მის ცემამდე რამდენიმე დღით ადრე გოგობერიშვილი მასთან საკანში შევიდა და ურჩია, რომ ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშები და კრიპტო ვალუტის ანგარიშები გაეხსნა.

    “2025 წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბ. ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე- „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენო, ხომ იცი, ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და “ნაკლებად გიჟიც”. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს”, – წერს ბაჩიაშვილი წერილში, რომელიც ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 14 ივლისს მიაწოდა.

    ბაჩიაშვილის ინფორმაციით, მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, 11 ივლისს, საღამოს, საკანში, სადაც მარტო იყო, შევიდა უცხო ადამიანი – მაღალი, სპორტული აღნაგობის –  რომელმა სასტიკად სცემა. ბაჩიაშვილის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგობერიშვილმა მას უთხრა, რომ ეს ადამიანი იყო მსჯავრდადებული, რომელიც საკანში მისი განკარგულებით შევიდა. თუმცა მან არ იცოდა, თუ “იჩხუბებდა”.

    “მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ, სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ არჩილმა შეაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ.

    საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდადებული (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა, თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო”, – წერს ბაჩიაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

    ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. იმ პერიოდში პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც 19 აგვისტოს,  იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება”.

    უწყების ცნობით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დავით გოგიბერიშვილი. გენერალური ინსპექციის გამოძიების ვერსიით, “შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”.

    მარტივად რომ ვთქვათ, უწყების ვერსიაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემა თავად ბაჩიაშვილთან იყო შეთანხმებული და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დაწესებულების კონკრეტული თანამშრომლები.

    “დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა, დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს”, – ეწერა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოს გავრცელდა.

    დავით გოგობერიშვილის სიკვდილს გამოეხმაურნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები, ასევე, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ახობაძე და სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე. ისინი გოგობერიშვილს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ პატიმრების მიმართ ყურადღებითა გამოირჩეოდა. განსხვავებულ გამოცდილებაზე საუბრობს ნიკა კაცია.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More