ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.
იურიდიული დახმარების ქსელი აცხადებს, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს, ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში.
„ამ ეტაპისთვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები. განხორციელებული რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არცერთი ადამიანი არ დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას“, — ნათქვამია ქსელის განცხადებაში.
იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. სამართლებრივი დახმარების ქსელი ასევე 1400-მდე პირს დაეხმარა ჯარიმების გასაჩივრებაში. ქსელი აცხადებს, რომ ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებსაც.
განცხადებას ხელს აწერენ:
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments