Last updated: October 20th, 2025 at 08:14 pm
გაეროს სპეციალურმა მოხსენებლებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდეს, გადახედოს მკვლევარ იგბალ აბილოვისა და ბაჰრუზ სამედოვის საქმეებს, რომელთა აკადემიური საქმიანობა და კულტურული იდენტობის პოპულარიზაცია სახელმწიფოს ღალატად შეაფასეს. ორივე ბრალდებული უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაში იმყოფება აკადემიური საქმიანობისა და ანტისაომარი შეხედულებების გამო.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ აბილოვისა და სამედოვის საქმეებმა აკადემიური კვლევა, მშვიდობის პროპაგანდა და უმცირესობათა კულტურული იდენტობის მხარდაჭერა სახელმწიფო ღალატად მიიჩნია,“ – ნათქვამია გაეროს ექსპერტების განცხადებაში.
იგბალ აბილოვის საქმე
35 წლის აზერბაიჯანელი მეცნიერი იგბალ აბილოვი, რომელიც ბავშვობიდან ბელარუსში ცხოვრობდა, 2024 წელს ბიძაშვილის ქორწილში ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც მას ბრალი წაუყენეს სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. აბილოვი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეთნიკურ შუღლის გაღვივებაში. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და 20 მაისს ის 18 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს.
მეცნიერის ახლობლები მიიჩნევენ, რომ მისი დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი თალიშური კულტურის შესახებ ჩატარებული კვლევებია. უფლებადამცველების შეფასებით, ეს კიდევ ერთი შემთხვევაა აზერბაიჯანში ეთნიკური უმცირესობების აქტივისტთა დევნის პრაქტიკიდან.
ბაჰრუზ სამედოვის საქმე
29 წლის პოლიტოლოგი და დოქტორანტი ბაჰრუზ სამედოვი 15 წლით პატიმრობით დაისაჯა. ის 2024 წლის აგვისტოში დააკავეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, სამედოვი სომხეთის წარმომადგენლების დავალებით წერდა და თარგმნიდა სტატიებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებები ეფუძნება მხოლოდ სამედოვის მიმოწერას სომხეთის სამ მოქალაქესთან და არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მის დანაშაულს ადასტურებს.
სამედოვი ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკითა და ანტისაომარი პოზიციით, რაც, უფლებადამცველების თქმით, მისი დაპატიმრების მთავარი მიზეზი გახდა.
გაეროს ექსპერტების განცხადებით, „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მეცნიერები, მწერლები და აქტივისტები შეძლებდნენ მუშაობას უსაფრთხო გარემოში, შიშისა და რეპრესიების გარეშე”. ამასთან, გაეროს ექსპერტებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ოფიციალურად გადაუგზავნეს თავიანთი შეშფოთება და განაცხადეს, რომ გაგრძელდება ორივე საქმის მონიტორინგი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაეროს განცხადებაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments